ექსტენციის სამსახური არის სოფლის მეურნეობის ინტელექტუალური უზრუნველყოფის ფორმა. იგი XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა აშშ-ში და შემდეგ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს. შესაბამისად 1964 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა  აგროქიმიური სამსახური, რომლის მომსახურების სფეროს შეადგენდა ნიადაგი, სასუქი, მცენარე. ამ სამსახურის ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი ,,ანასეული“, რომელსაც უკვე თითქმის 60 წლიანი ისტორია აქვს.

დიაგნოსტიკური ცენტრი ,,ანასეული“ ჩამოყალიბდა 2007 წლის 15 მაისს აგროქიმიური სამსახურის და ნიადაგის ნაყოფიერების ანასეულის ცენტრის ბაზაზე

    შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათი დიაგნოსტიკური ცენტრი ,,ანასეული“ (შემდგომში ცენტრი ,,ანასეული) წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას 100%-იანი სახელმწიფო წილით. იგი ექვემდებარება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს.

მას შემდეგ, რაც ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი ,,ანასეული“ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გადაეცა, შემუშავდა განახლებული სამუშაო გეგმები, რომელთა განხორციელების შედეგად, აღნიშნული ცენტრი დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი სამეცნიერო-კვლევითი ბაზა გახდა. ნიადაგის კვლევების ჩატარებისა და სურსათის დიაგნოსტიკის გარდა ბაზაზე მოეწყო საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები ჩაისა და სუბტროპიკული, ასევე სხვა მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურებისთვის. განხორციელდა ანასეულის ლაბორატორიის რეკონსტრუქცია; მოეწყო ჩაის სანერგე მეურნეობა, მიმდინარეობს სუბტროპიკულ კულტურათა სელექციური ჯიშების შერჩევა, იქმნება მცენარეთა გენეტიკური ბანკი, საბაზისო სადედე ნაკვეთები. გარდა ამისა მოეწყო ჩაის გადამამუშავებელი მინი საამქროები. ცენტრს გააჩნია საკონფერენციო დარბაზი, სასტუმრო ოთახები ტრენინგებსა და კონმფერენციებში მონაწილეთათვის.

ლაბორატორიის ფუნქციები

ცენტრი ანასეულის ძირითადი ფუნქციებია: ნიადაგების გამოკვლევა, ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა, გამოკვლევის მასალების საფუძველზე ცალკეული ნაკვეთების ბალური შეფასება. ნიადაგის დაცვის, ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების, სასუქების და აგრო სამელიორაციო ღონისძიებების ეფექტურად გამოყენების მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავება, ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების, კონსერვაცია-შენარჩუნების და ნეგატიური პროცესების შეჩერების რეკომენდაციების შედგენა და დასაბუთება კონკრეტულად  ბუნებრივ კლიმატური პირობების გათვალისწინებით. ფერმერთა და სხვა მიწათმოქმედთა სწავლება და კონსულტირება, აგროქიმიკატების გამოყენების, ნიადაგების დაცვის, მაღალი და ხარისხობრივი მოსავლის მიღების, სურსათის უვნებლობის სფეროში.,,შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრი“ საქმიანობის სფერო მოიცავს:

ლაბორატორიის საქმიანობის სფერო კერძოდ მოიცავს:

  • აგროქიმიური კვლევების ჩატარებას: ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და სასუქების რაციონალურად გამოყენების მიზნით.
  • სურსათის უვნებლობისა და ხარისხის დადგენის მიზნით ნიადაგში, წყლებში, მცენარეებსა და სასურსათო პროდუქტებში სასუქების, პეტიციდებისა და სხვა ნივთიერებათა ნარჩენების შემცველობის განსაზღვრა და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა.

მცენარეთა მავნე ორგანიზმების (მავნებლები, დაავადებები, სარეველები) დიაგნოსტიკა, რეკომენდაციების  გაცემა, მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის მეთოდების შემუშავება და ფერმერულ მეურნეობებში დანერგვა.

გამოცდილება და განხორციელებული საქმიანობები

    ცენტრი ,,ანასეული“ აგროქიმიურ მომსახურებას უწევდა და უწევს საქართველოს რეგიონებს. მას აქვს ფართო საინფორმაციო ბანკი დასავლეთ საქართველოს ნიადაგების ხარისხობრივ მაჩვენებლებსა და მასზე განლაგებულ კულტურათა მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიაზე. ჩატარებული აქვს ნიადაგების აგროქიმიური გამოკვლევების 5 ტური. მიღებული მონაცემების საფუძველზე შემუშავებული აქვს ნიადაგის ნაყოფიერების  ამაღლების და სასუქების რაციონალურად გამოყენების ღონისძიებები ჩაის, ციტრუსების, თხილის, ხეხილის ბაღების, ვენახის, ერთწლიანი კულტურების ქვეშ და გადაცემული აქვს ფერმერებისთვის. ეს ცენტრ ,,ანასეულს“ საშუალებას აძლევს წინა წლების მონაცემები შედარებულ იქნას ახალი გამოკვლევების მასალებს და გაკეთდეს დასკვნები ნიადაგის ნაყოფიერების ცვალებადობაზე, მისი გაუდაბნოების და ნაყოფიერების დაცემის პროცესებზე, ეროზიაზე, მეორად დაჭაობებაზე და სხვა.

    ცენტრ ,,ანასეულ“-ს აქვს დიდი გამოცდილება ფერმერებთან მუშაობისა და ურთიერთობისა. ხშირად ტარდება სემინარები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ფერმერებს ეძლევათ რეკომენდაციები კულტურათა გაადგილებაზე, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებაზე, ახალი მაღალეფექტური სასუქების გამოყენებაზე. ეროზიის თავიდან აცილების და მეორადი დაჭაობების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაზე, მჟავე ნიადაგების გაუმჯობესების, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვაზე.

     ცენტრი ,,ანასეული“-ს სპეციალისტებს გამოშვებული აქვს ბროშურები, რეკომენდაციები, სტატიები პოპულარულ ჟურნალებში. შემუშავებული აქვთ აგროტექნოლოგიები.

    ცენტრი ,,ანასეული“-ს სამუშაოთა ნუსხაში დიდი ადგილი უჭირავს სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ხარისხიანობის და ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის წარმოებისადმი ხელშეწყობის ტექნოლოგიების დანერგვას ფერმერთა ნაკვეთებში ბიო პროდუქტების წარმოებისთვის.