ხურმის დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები
რეფერატი: ხურმის მცენარისათვის თავისი მავნეობით საყურადღებოა შემდეგი დაავადებები: ხურმის ნაცრისფერი სიდამპლე - Botrytis diospyri Borg., ხურმის კიბო (ფომოფსისი) – Phomopsis diospyri Rob., ხურმის ქეცი - Ragnildiana Levieri Vass., ხურმის ანთრაქნოზი- Colletotrichum Kaki Maffei, ხურმის ვერტიცილიოზური ხმობა - Verticillium diospyri Kleb., ნაშრომში მოცემულია დაავადებათა საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებები. შესავალი: ხურმის კულტურა დიდი ხნიდან არის ცნობილი ადამიანისათვის. მისი სამშობლო ჩინეთია, საიდანაც იგი შემდგომ შეტანილი იქნა იაპონიაში, როგორც ერთ-ერთი ძირითადი ნაყოფის მომცემი კულტურა. იაპონიიდან გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებში. 1892 წელს თბილისის ბოტანიკურ ბაღში მიღებული იქნა იტალიიდან ხურმის რამოდენიმე ჯიში. 1895 წელს აგრონომ კლინგენისა და პროფესორ ა. კრასნოვის მიერ იაპონიიდან შემოტანილი იქნა ხურმის სხვადასხვა ჯიში. ზოგიერთი მკვლევარის აზრით ხურმის კულტურას საქართველოში უფრო ადრე იცნობდნენ. ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად სუბტროპიკულ-ხეხილოვან მცენარეებს შორის ხურმამ მნიშვნელოვანი გავრცელება ჰპოვა. ხურმის ნაყოფი ხასიათდება ძლიერ კარგი კვებითი ღირებულებით. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქრებს, მინერალურ მარილებს, ცხიმებსა და ვიტამინებს. გარდა ამისა ხურმა ნაკლებად მომთხოვნია ნიადაგობრივი პირობებისადმი. ხურმის დადებით თვისებებს შორის აღსანიშნავია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ყინვაგამძლე მცენარეა სუბტროპიკულ ხეხილოვნებს შორის. ჩვენში სუბტროპიკული ხურმის 100-ზე მეტი ჯიშია გავრცელებული. სუბტროპიკული ხურმის მოსავლიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს სხვადასხვა სოკოვანი დაავადება.

ხურმის დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები

ლამზირი ბერაძე - ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

იოსებ ბასილია - სოფლის მეურნეობის მეცნ. დოქტორი,

რუსუდან ტაკიძე - სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. დოქტორი

ნიკა გუნთაძე - მაგისტრანტი

შ.პ.ს. ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი ,,ანასეული“

საკვანძო სიტყვები: ხურმა, სოკო, დაავადება, კონიდიუმი, კონიდიათმტარი, კონიდიოფორა, სოკოს ნაყოფიანობა, სკლეროციუმი, ლაქა, არშია, ექსუდატი.

რეფერატი: ხურმის მცენარისათვის თავისი მავნეობით საყურადღებოა შემდეგი დაავადებები: ხურმის ნაცრისფერი სიდამპლე - Botrytis diospyri Borg., ხურმის კიბო (ფომოფსისი) – Phomopsis diospyri Rob., ხურმის ქეცი - Ragnildiana Levieri Vass., ხურმის ანთრაქნოზი- Colletotrichum Kaki Maffei, ხურმის ვერტიცილიოზური ხმობა - Verticillium diospyri Kleb.,

ნაშრომში მოცემულია დაავადებათა საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებები.

შესავალი: ხურმის კულტურა დიდი ხნიდან არის ცნობილი ადამიანისათვის. მისი სამშობლო ჩინეთია, საიდანაც იგი შემდგომ შეტანილი იქნა იაპონიაში, როგორც ერთ-ერთი ძირითადი ნაყოფის მომცემი კულტურა. იაპონიიდან გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებში.

    1892 წელს თბილისის ბოტანიკურ ბაღში მიღებული იქნა იტალიიდან ხურმის რამოდენიმე ჯიში. 1895 წელს აგრონომ კლინგენისა და პროფესორ ა. კრასნოვის მიერ იაპონიიდან შემოტანილი იქნა ხურმის სხვადასხვა ჯიში. ზოგიერთი მკვლევარის აზრით ხურმის კულტურას საქართველოში უფრო ადრე იცნობდნენ.

    ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად სუბტროპიკულ-ხეხილოვან მცენარეებს შორის ხურმამ მნიშვნელოვანი გავრცელება ჰპოვა. ხურმის ნაყოფი ხასიათდება ძლიერ კარგი კვებითი ღირებულებით. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქრებს, მინერალურ მარილებს, ცხიმებსა და ვიტამინებს. გარდა ამისა ხურმა ნაკლებად მომთხოვნია ნიადაგობრივი პირობებისადმი. ხურმის დადებით თვისებებს შორის აღსანიშნავია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ყინვაგამძლე მცენარეა სუბტროპიკულ ხეხილოვნებს შორის. ჩვენში სუბტროპიკული ხურმის 100-ზე მეტი ჯიშია გავრცელებული.

    სუბტროპიკული ხურმის მოსავლიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს სხვადასხვა სოკოვანი დაავადება.

მთავარი ნაწილი: ჩვენს მიერ 2006-2008 წლებში გამოკვლეული იქნა დასავლეთ საქართველოს ტენიანი სუბტროპიკული ზონის ხურმის ნარგაობა. გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა 30-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის სოკო. მათ შორის ხურმის კულტურისათვის თავისი მავნეობით და უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობით საყურადღებოა შემდეგი: Botrytis diospyri Borg.,Phomopsis diospyri Rob.,Verticillium diospyri Klel.,Ragnildiana Lavieri (Magn.) Vass.,Colletotrichum Kaki Mahhei, Pestalotiopsis diospyri Sud., Fusarium sambuci num Fuck., Fusarium gibosum App. et. Wr. Emend Bilai., Trichothecium zoseum Link., Alternaria alternata (Fr) Keisl., Cladosporium herbarum (Pers.) Link., Scllerozium Rolfsii sacc. (1)

ხურმის ნაცრისფერი სიდამპლე - Botrytis diospyri Borg. აავადებს ხურმის ფოთლებს, ახალგაზრდა ყლორტებს, ყვავილებს, ნასკვებსა და ნაყოფებს. დაავადება უმეტესად გაზაფხულზე - აპრილისა და მაისის თვეში გამოვლინდება.

გაზაფხულზე დაავადება პირველად შეინიშნება მწვანე ყლორტების წვეროებზე, დაავადებული ყლორტები მწვანედ ჭკნება. შემდეგ დაავადება ერთწლიან ტოტებზე გადადის და მურა ფერის ლაქების სახით გამოვლინდება. ლაქა თანდათანობით დიდდება, ტოტს შემორკალავს, რის შემდეგ ლაქის ზევითა ტოტის ნაწილი ხმება. ტოტებზე შეინიშნება სოკოს კონიდიური ნაყოფიანობა-ნაცრის ფერიფიფქის სახით.

  ფოთლებზე ლაქები ღია მომწვანო ფერისაა. ლაქები საბოლოოდ მოყავისფრო ხდება. მაღალი შეფარდებითი ტენიანობისას ლაქები მონაცისფრო ფიფქით იფარება, დაავადებული ფოთლები ნაადრევად ცვივა.

    აღნიშნული სოკოსაგან გამოწვეული მავნეობა მეტად საზიანოა ყვავილებისა და ახალგამონასკვულ ნაყოფებზე. დაავადებული ნასკვები და ნაყოფი ცვივა. განსაკუთრებით საზიანოა სიმწიფეში შესული ნაყოფის დაავადება. თავდაპირველად ნაყოფზე აღინიშნება მურა ფერის პატარა ლაქები, რომელიც შემდეგ ნაყოფის სიღრმეში იჭრება, ნაყოფის რბილობი ლპება და ცვივა. ჩამოცვენილი ნაყოფი ყუნწის მხრიდან მურა ფერის ხდება და მონაცისფრო ფიფქით იფარება. იგი კარგად აღენიშნება ხეზე შერჩენილი ნაყოფის ყუნწსაც (2,3)

    დაავადებულ ორგანოებზე წარმოქმნილი მონაცისფრო ფიფქი სოკოს გამრავლების ორგანოებს - კონიდიურ ნაყოფიანობას წარმოადგენს. იგი კონიდიოფორებისა და მათზე განვითარებული კონიდიუმებისაგან შედგება.

    ჩვენი გამოკვლევებით 2006 წელს ნაყოფების დაავადება 25-28%-ს აღწევდა, 2007 წელს დაავადება 15-20%-ით განისაზღვრებოდა. 2008 წელს დაავადების განვითარებამ 30-35%-ს მიაღწია. 2006-2008 წლებში ხურმის ნაყოფების მომწიფებისას სოკო Botrytis diospyri Borg. განვითარებისა და გავრცელებისათვის ხელსაყრელი პირობები იყო, როგორც შეფარდებითი ტენიანობის, (80-90%) ისე ჰაერის ტემპერატურის მხრივ და შესაბამისად დაავადების პროცენტი საკმაოდ მაღალი იყო.

    ხურმის კიბო - Phomopsis diospyri Rob. ხურმის ფომოფსისი აავადებს ტოტებს, ნაყოფებს, ფოთლებს.

    ერთწლიანი ტოტების დაავადებისას ყავისფერი ლაქების წარმოქმნა ფოთლის ყუნწის მიმაგრების ადგილიდან იწყება. იგი მოშაო არშიითაა შემოვლებული - კანის ქვეშ მერქანი გაშავებული და ჩაზნექილია, რომელზეც სიგრძივი ბზარები აღენიშნება. ლაქაზე სოკოს ნაყოფიანობა შავი წერტილების სახითაა.

    ორ-სამწლიან ტოტებზე წარმოქმნილი ლაქა მურა ფერისაა, კიდეებზე შეინიშნება კალუსი, დაშლილი ქსოვილებითა და სიგრძივი ბზარებით. საბოლოოდ ლაქა ტოტს შემორკალავს და მისი ზედა ნაწილი ხმება.

    ნაყოფი ავადდება როგორც ახალგამონასკვული, ისე სიმწიფის პერიოდში. ახალგამონასკვული ნაყოფები ლპება და ცვივა. დაავადებული ნაყოფის ჯამის ფოთოლებზე განვითარებულია სოკოს კონიდიური ნაყოფიანობა მოშაო წერტილების სახითაა.

    შემოდგომაზე ნაყოფების მომწიფებისას, ხშირი ნალექიანობისა და მაღალი შეფარდებითი ტენიანობის დროს დაავადება ეპიფიტოტიის (დაავადებათა აფეთქება) სახეს ღებულობს.

    ხურმის ქეცი - Ragnildiana Levieri(Marn) Vass. ერთ-ერთი სერიოზული დაავადებაა ხურმის მცენარისათვის. იგი აავადებს როგორც მოზრდილ მცენარეებს, ასევე ნერგებს. ძირითადად ავადდება ფოთლები და ყლორტები.

    დაავადებულ ფოთლებზე წარმოიქმნება მომრგვალებული ან დაკუთხული ლაქები, რომლებიც საღი ნაწილებისაგან გამიჯნულია მუქი მოყავისფრო არშიით. ლაქები უმეტესად პატარა ზომისაა და ინტენსიურადაა ფოთლებზე განვითარებული. ასეთი დაავადებული ფოთლები ნაადრევად ჭკნება და ცვივა. სოკოს ნაყოფიანობა ფოთლის ორივე მხარესაა განვითარებული, უმეტესად ფოთლის ქვედა მხარეზე, მუქი ხავერდოვანი ფიფქის სახით.

    დაავადებულ ყლორტებზე წარმოქმნილი ლაქები მოგრძო ფორმისაა, დაფარულია მოშაო ფერის ფიფქით, შემოვლებულია არშიით.

    სოკოს განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების დროს, იგი მასიურად ვრცელდება. ლიტერატურის მიხედვით (4) სოკოს განვითარებას ეპიფიტოტიის სახე ჰქონდა 1970 წელს. ოზურგეთის რაიონსა და აჭარის ზონაში აღნიშნულ წელს დაავადებამ 70-80%-ს მიაღწია.

    ჩვენი გამოკვლევებით დაავადების გავრცელება 10-15%-ს არ აღემატებოდა (2006-2008 წლებში)

    ხურმის ვერტიცილუოზური ხმობა - Verticillium diospyri Kleb. იწვევს ზრდასრული მცენარეების ხმობას. დაავადების გარეგნული ნიშნები სხვადასხვა სახით ვლინდება. საერთოდ მცენარე დასუსტებულია, ჩამორჩენილია ზრდაში, წლის ნაზარდი სუსტი აქვს, დამახასიათებელია ასევე ღეროსა და ტოტების დეფორმაცია, ფოთლების გაყვითლება და მათი ნაადრევი ცვენა, ყლორტებისა და მრავალწლიანი ტოტების წვერის ხმობა. დამახასიათებელია ფესვის ყელის გასქელება; როცა გამხმარი ტოტის მერქანი გაყავისფერებულია, მის ქსოვილში მიცელიუმის ჰიფებია განვითარებული. ჭურჭლებში გუმისებრი ნივთიერებაა დაგროვილი, რაც ჭურჭელში წყლის გატარებას ხელს უშლის.

    ხურმის ყავისფერი ლაქიანობა - Colletotrichum Kaki Mahhei. აავადებს ფოთლებსა და ნაყოფებს. დაავადებულ ფოთლებს უმეტესად წვეროსა და კიდეებზე აღენიშნება ყავისფერი ლაქები, რომლებიც შემდგომში ნაცრისფერს ღებულობს. ფოთლის ორივე მხარეზე ლაქებზე განვითარებულია კონცეტრულად განლაგებული სოკოს ნაყოფიანობა შავი წერტილების სახით. ნაყოფები უმეტესად ავადდება სიმწიფეში შესვლისას. დაავადებულ ნაყოფებზე ვითარდება ყავისფერი ლაქები კონცეტრიული ზონალობით.

    დაავადება აღინიშნა სუბტროპიკული ზონის თითქმის ყველა ხურმის ნარგაობაში.

    ხურმის ნაყოფების ფუზარიოზული ლპობა - გამომწვევი სოკოები: Fusarium gibbosum App. et. Wr. Emend Bilai. აავადებს ყვავილებს, ნასკვებს, ნაყოფებს, რომლებზედაც ვითარდება მოთეთრო - მოვარდისფრო შეფერილობის სოკოს მიცელიალური ნაფიფქი.

    ვარდისფერი სიდამპლე - Trichothecium zoseum Link. აავადებს ყვავილებს, ნასკვებს, მომწიფებულ ნაყოფებს. მცენარის დაავადებულ ორგანოებზე სოკოს კონიდიალური ნაყოფიანობა ვითარდება მოვარდისფრო შეფერილობის ფხვნილისებრი ნაფიფქის სახით.

    დაავადება აღინიშნა ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ოზურგეთის ხურმის ნარგაობაში.

    ალტერნარიოზი - Alternaria alternata- იწვევს ხურმის ყვავილების ნასკვებისა და მომწიფებული ნაყოფების დაავადებას, რომლებზეც წარმოიქმნება სოკოს ნაყოფიანობა მოშაო ფერის ხავერდოვანი ნაფიფქის სახით. 2007-2008 წლებში აღნიშნული სოკოსაგან ყვავილებისა და ნასკვების დაავადება აჭარის ზონისა და იზურგეთის რაიონის ხურმის ნარგაობაში 20%-მდე აღწევდა.

კლადიოსპორიოზი - Cladosporium herbarum (Pers.)Link. აავადებს ყვავილებს, ნასკვებსა და მომწიფებულ ნაყოფებს. დაავადებულ ორგანოებზე ჯერ ღია მოყავისფრო ლაქა წარმოიქმნება, შემდეგ ზეთისხილისფერი ხავერდოვანი ნაფიფქი.

    სოკოს განვითარებისათვის ხელსაყელი პირობების დროს, როდესაც მაღალი შეფარდებითი ტენიანობაა ყვავილებისა და ნასკვების დაავადება 12-15 %-ს აღწევს.

    ხურმის ნაცრისფერი ლაქიანობა - Pestalotiopsis diospyri Sud. ფოთლებზე ვითარდება მოწითალო - მოყავისფრო ლაქები, რომელიც მოშაო ფერის არშიითაა შემოვლებული. ხშირ შემთხვევაში ლაქები ფოთლის დიდ ნაწილს ფარავს, რის შედეგად ფოთლები ხმება. დაავადების დროს ფოთლის ეპიდერმისი იქერცლება და მათ ქვეშ ვითარდება სოკოს ნაყოფიანობა შავი წერტილების სახით. ამ დროს ლაქები ნაცრისფერს ღებულობს, ხშირად ლაქა გამოვარდება და ფოთლის ძარღვების ბადისებრი ქსოვილი რჩება. (5)

    ნაყოფის დაავადება ხდება მისი განვითარების სხვადასხვა ფაზაში განსაკუთრებით ნაყოფის ჯამის ფოთლებს და ნაყოფის ყუნწებს აზიანებს. ზოგჯერ მათი გაცვენაც ხდება. ნესტიან პირობებში დაავადებულ ნაყოფებზე შავი ფერის ლორწოვანი მასა - სოკოს ნაყოფიანობა ექსუდატების სახით ვითარდება.

    სამხრეთული ფესვის სიდამპლე - Sclerozium Rolfsii saec. იწვევს თესლნერგების ხმობას სანერგეში, მათი აღმოცენების პერიოდში. დაავადება კერობრივად ვრცელდება და ყველაზე მეტი ზიანის მომტანია სანერგის პირობებში, სადაც აღმონაცენები ახლოსაა ერთმანეთთან. დაავადებული ფესვის ყელთან ნიადაგის ზედაპირზე შეინიშნება მოთეთრო ანმოყვითალო ფერის მიცელიარული ფიფქი. ასევე აღინიშნება სოკოს სკლეროციუმები, რომლებიც მიცელიუმის სახეცვლილებაა და სოკოს გამრავლების საშუალებაა. იგი მოყავისფროა, მომრგვალებული ან სფერული ფორმისაა ზომით- 0,5-0,8 მმ. ზოგჯერ 1მმ-ზე მეტია. სკლეროციუმები მცენარის ორგანოებზე წვრილი მიცელიარული თასმებითაა მიმაგრებული. მომწიფებული სკლეროციუმები ადვილად სცილდება მიმაგრების ადგილს და ნიადაგში მოხვედრის შემდეგ ისევ ღივდება, ივითარებს მიცელიუმს და იწვევს ახალ ინფექციას.

ხურმის დაავადებათა საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებები.

  1. მცენარეების ნორმალური ზრდა-განვითარების უზრუნველსაყოფად უნდა ჩატარდეს თანმიმდევრულად და დროულად ნიადაგის დამუშავება, მინერალური და ორგანული სასუქების შეტანა. რადგან ეს ღონისძიებები აუმჯობესებენ მცენარის საერთო ზრდა-განვითარებას და ამაღლებენ მათ გამძლეობას სხვადასხვა დაავადებების მიმართ.
  2. აუცილებელია ყურადღება მიექცეს სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვას, რისთვისაც მცენარის ყველა დაავადებული ორგანო უნდა შეგროვდეს და დაიწვას.
  3. კიბოთი (Phomopsis diospyri Rob.) დაავადების შემთხვევაში დაავადებული ტოტები უნდა გამოიჭრას. მთავარი ტოტების ან ღეროს დაავადების შემთხვევაში კიბოსებრი წარმონაქმნები უნდა ჩამოითალოს ჯანსაღი ნაწილების მიყოლებით, ხოლო ჭრილობებს გაუკეთდეს დეზინფექცია 1-2%-იანი ბორდოული სითხით ან შაბიამნის ხსნარით და დაიფაროს ბაღის მალამოთი ან ზეთოვანი საღებავით.
  4. ნაცრისფერი სიდამპლის, კიბოს (Phomopsis)-ის ქეცის, ანთრაქნოზის და ნაყოფების სიდამპლეების წინააღმდეგ უნდა ჩატარდეს მცენარეების შესხურება 1%-იანი ბორდოს სითხით, ან 0,4%-იანი სპილენძის ქლორჟანგით ან სვიტჩი 0,8-1,0 კგ. ჰა-ზე. ვეგეტაციის პერიოდში 2-ჯერადი შესხურება.

I შესხურება - ვეგეტაციის დაწყებამდე;

II შესხურება - ყვავილობის დაწყებამდე

  1. ვერტიცილიოზური ხმობის წინააღმდეგ: საჭიროა აგროტექნიკის მაღალი დონე, მექანიკური დაზიანებების აცილება. მცენარეების სტიმულატორებით - ხელატით კვება. ხელატით კვება მცენარეებს გამძლეობას უძლიერებს.
  2. სანერგის პირობებში სამხრეთული ფესვის სიდამპლის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველა დაავადებული თესლნერგი უნდა ამოითხაროს და დაიწვას - ნიადაგის ზედაპირი უნდა შესხურდეს 2%-იანი ბორდოული სითხით ან პრევიკურ ენერჯის 0,25%-იანი ხსნარით 4ლ. 1კვ. მეტრზე.
  3. ფესვის ყელისა და ფესვთა სისტემის დაავადებათა წინააღმდეგ კარგ შედეგს იძლევა პროფილაქტიკის მიზნით მცენარის დათესვამდე ან დარგვამდე ნიადაგის დეზინფექცია ბალზამიტით 80 გრ. 1 კვ. მეტრზე.

ლიტერატურა

  1. ლ. ბერაძე. ა. მესხიძე. გ. მემარნე - ხურმის მცენარის პათოგენური სოკოები დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკებში - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, თბილისი, 2009, ტ.26 გვ.123-125;
  2. ლ. ყანჩაველი - სასოფლო-სამეურნეო ფიტოპათოლოგია, თბილისი, 1987, გვ. 201-209
  3. ლ. კეჭაყმაძე, ნ. ძიმისტარიშვილი - სუბტროპიკული ხურმის ავადმყოფობანი ,,სუბტროპიკული კულტურები“ 1971 N3.
  4. ვ. მკერვალი - სუბტროპიკული კულტურების დაავადებანი და მათთან ბრძოლა - ,,საბჭოთა საქართველო“ თბილისი, 1985 გვ. 103-110.
  5. Т. Л. Доброзраковаб М. Ф. Летова, К.М. Стенанов, М. К. Хохряков – определитель болезней растентй, Сельхозгиз, Москва - Ленинград, 1956.

Persimmon disease control and prevention measures,

Lamziri Beradze – Academik doctor of biologicae,

Ioseb Basilia – Doctor of agriculture scinces,

Rusudan Takidze – Academik doctor of agriculture,

Nika Guntadze – Magistrant

Keywords: persimmon, disease, fungus, conidium, conidiophora, sclerotium, mycelium, spot, Arshia, exudate.

Abstract: The following diseases are noteworthy for their harm to the persimmon plant: Persimmon Grey Mould -Botrytis diospyri Borg., Persimmon Cancer (Phomopsis)   - Phomopsis diospyri Rob., Persimmon Scab - Ragnildiana Levieri Vass.,Anthracnose of persimmon - Colletotrichum Kaki Mahhei, Verticillium wilt of persimmon - Verticillium diospyri Kleb.,

This research paper includes disease control and prevention measures.