აზიური ფაროსანას ბიოლოგიური კონტროლის პროგრამის გაცნობა სოფლების წარმომადგენლებისთვის
ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკურ ცენტრ „ანასეულში“ გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სოფლების წარმომადგენლებთან, რომლის მიზანი იყო აზიური ფაროსანას ბიოლოგიური კონტროლის პროგრამისა და ცენტრის საქმიანობის გაცნობა.
ბიოლოგიური კონტროლის პროგრამა
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო საქართველოში მიმდინარე აზიური ფაროსანას ბიოლოგიური კონტროლის პროგრამა, Trissolcus japonicus-ის (აზიური ფაროსანას კვერცხის პარაზიტოიდი) როლი მავნებლის ბუნებრივ რეგულირებაში, ლაბორატორიაში მისი მასობრივი გამრავლების პროცესი, ბუნებაში გამოშვების მნიშვნელობა და შემდგომი მონიტორინგის ეტაპები.
ლაბორატორიის საქმიანობა და მომსახურებები
მონაწილეებს ასევე გავაცანით ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკური ცენტრ „ანასეულის“ საქმიანობა და ლაბორატორიის მიერ შეთავაზებული მომსახურებები. წარმოდგენილი იყო ცენტრის შესაძლებლობები ნიადაგის, წყლის, სურსათისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ლაბორატორიული კვლევების, მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების დიაგნოსტიკის, მცენარეთა ვირუსების, ბაქტერიების, სოკოებისა და ფიტოპლაზმების ELISA მეთოდით განსაზღვრის, აგროქიმიური რეკომენდაციების მომზადებისა და ფერმერთა კონსულტირების მიმართულებით.
მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის (IPM) მნიშვნელობაზე და ადგილობრივი თვითმმართველობების, სოფლების წარმომადგენლებისა და ფერმერების ჩართულობის აუცილებლობაზე ბიოლოგიური კონტროლის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში.
მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ხელს უწყობს სამეცნიერო ცოდნის პრაქტიკაში დანერგვას, სახელმწიფო პროგრამების ეფექტიან განხორციელებას და ფერმერებისათვის თანამედროვე, ეკოლოგიურად უსაფრთხო და მეცნიერულად დასაბუთებული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას.





