ანასეულის ლაბორატორიამ საერთაშორისო შეხვედრაზე აზიური ფაროსანას ბიოლოგიური კონტროლის მიმართულებით მიღებული შედეგები წარადგინა

2026 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის „მწვანე უნარების განვითარების გაძლიერება“ ფარგლებში გამართულ საერთაშორისო გაცვლით შეხვედრაზე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა აზიური ფაროსანას (Halyomorpha halys) კვლევისა და მართვის მიმართულებით საქართველოში დაგროვილი სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილება წარადგინეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს, ყირგიზეთისა და ყაზახეთის აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.

საერთაშორისო შეხვედრაზე მანანა კერესელიძემ მონაწილეებს გააცნო აზიური ფაროსანას ბიოლოგიური და ეკოლოგიური თავისებურებები, გავრცელება, ეკონომიკური მნიშვნელობა, მონიტორინგისა და მართვის მეთოდები, აგრეთვე საქართველოში მავნებლის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების გამოცდილება.

ანასეულის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორიის უფროსმა, ნიკა გუნთაძემ, წარადგინა მოხსენება თემაზე: „აზიური ფაროსანას ბიოლოგიური კონტროლის შესაძლებლობები: Trissolcus japonicus-ის ბიოლოგია, მისი როლი და ანასეულის გამოცდილება“.

მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აზიური ფაროსანას კვერცხის პარაზიტოიდის — Trissolcus japonicus-ის ლაბორატორიული გამრავლების ტექნოლოგიას, ხარისხის კონტროლის მეთოდებს, ბუნებაში გაშვების ორგანიზებასა და შემდგომი მონიტორინგის შედეგებს.

ანასეულის ლაბორატორიაში 2024 წლიდან მიმდინარეობს Trissolcus japonicus-ის ლაბორატორიული პოპულაციის შენარჩუნებისა და გამრავლების სამუშაოები. შემუშავებული და პრაქტიკაში დანერგილია პარაზიტოიდის გამრავლების პროცედურები, რომლებიც ითვალისწინებს მასპინძელი მწერის კვერცხების მომზადებას, პარაზიტირების პროცესის მართვასა და მიღებული ინდივიდების ხარისხის შეფასებას.

2025 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბუნებაში გაშვებული იქნა 30 000-მდე პარაზიტოიდი, ხოლო 2026 წელს სამუშაოები გაფართოვდა და გაშვებების მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

გაშვებების პარალელურად განხორციელდა საველე მონიტორინგი, რომლის მიზანი იყო პარაზიტოიდის გამოვლენა, მისი აქტივობის შეფასება და აზიური ფაროსანას კვერცხებზე პარაზიტირების შემთხვევების შესწავლა.

2025 წლის პარაზიტოიდების ბუნებაში გაშვების შემდგომი მონიტორინგისას Trissolcus japonicus გამოვლინდა გამოკვლეული ლოკაციების 44%-ში. 2026 წელს ლაითურში, პავლოვნიის ნარგაობაში, ბუნებრივად დადებული აზიური ფაროსანას 15 კვერცხდებიდა 9-ში გამოვლინდა პარაზიტირება, მათ შორის 8 შემთხვევაში — Trissolcus japonicus.

აღნიშნული შედეგები მნიშვნელოვანია საქართველოში აზიური ფაროსანას ბიოლოგიური კონტროლის შესაძლებლობების შესაფასებლად და პარაზიტოიდის გამოყენების შემდგომი კვლევების დაგეგმვისთვის.

საერთაშორისო შეხვედრამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ საქართველოში მიმდინარე სამეცნიერო სამუშაოებს და ემსჯელათ მავნებლების მართვის ეკოლოგიურად უსაფრთხო და მდგრადი მეთოდების განვითარების პერსპექტივებზე.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.

ანასეულის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორია აგრძელებს კვლევებს აზიური ფაროსანას ბიოლოგიური კონტროლის მიმართულებით, მათ შორის პარაზიტოიდის მასობრივი გამრავლების ტექნოლოგიის სრულყოფას, საველე მონიტორინგსა და მიღებული შედეგების სამეცნიერო შეფასებას.